სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ამ განცხადებით აჯამებს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსების საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრების უდიდესი ნაწილი განხილვის გარეშე დარჩა, ან არ დაკმაყოფილდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.

გასული წლის მსგავსად, 2020 წელი აქტუალური იყო შეკრების თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბის ათეულობით შეკრება-მანიფესტაცია გაიმართა.

სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მათი განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის იდენტიფიცირებადი იყო მათი პროფესიული სტატუსი და საქმიანობა.

სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული რეგულაციით დადგენილი სანქცია გამოყენებულ იქნა შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ. შესაბამისად, ნეგატიურად ვაფასებთ 9 ნოემბრის ღამეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შეკრების მიმდინარეობის დროს, 22:00 საათის შემდგომ პერიოდში მოქალაქეების დაჯარიმების შემთხვევებს.

გასული წლის მსგავსად, წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთ აქციაზე ადგილი ჰქონდა აქციაზე გათბობის მიზნით შეშის მიტანაში ხელშეშლის ფაქტებს. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კანონმდებლობის ზედაპირული და ბლანკეტური ინტერპრეტაცია ბოლო წლებში პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს უწყების მხრიდან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის სათანადოდ დასაბუთებას.

გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიება დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს, მოქალაქეზე ძალადობისთვის მხოლოდ 3 პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, რაც ამ დრომდე გაუზიარებელია.

მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები. ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეების შესწავლის საფუძველზე სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არა მხოლოდ დაირღვა თანამშრომელთა შრომითი უფლებები, არამედ მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დევნის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ნორმატიულ შეზღუდვასთან ერთად, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების შეჩერებაში გამოიხატა, პარალელურად არ გაწერილა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების განსაკუთრებული წესი, რასაც, შესაძლოა, შედარებით დაებალანსებინა შემოღებული შემზღუდველი ღონისძიებები. სახალხო დამცველი ასევე განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ დღემდე არ მომხდარა ინფორმაციის თავისუფლების აქტის პარლამენტში ინიცირება (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულება, ჯერ კიდევ 2015 წლიდან, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმებით იყო გათვალისწინებული) და ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ეფექტური მექანიზმი.

მიმდინარე წელს კვლავ აქტუალური იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების საკითხი. სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სექტემბრის ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ასევე ვენეციის კომისიამ და ხარვეზების გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ამჟამად მიმდინარე პროცესს სახალხო დამცველის მოწვევით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კვლავ დააკვირდება.

2020 წელს ქვეყანაში გავრცელებულმა ეპიდემიამ გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორცილების პროცესზეც. კერძოდ, 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობაც, რაც სისხლის სამართლის პროცესში ჩართულ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმანის ხარისხის ხარვეზებიც.

2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებით.

ამ კუთხით, გამოვყოფთ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს. სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო დაშვებით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ. ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). აღნიშნული ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე, იკვეთება იმ სახის სავარაუდო დარღვევები, რომლებიც გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივ შემოწმებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 20 აგვისტოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს წინადადებით მიმართა, რომლითაც საგამოძიებო უწყებებს საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველის აპარატი დღემდე უწევს მონიტორინგს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვებს.

სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო წესით, ასევე შეისწავლა ლუკა სირაძის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის მარინა ჩოლოიანის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევეგაირკვა, რომ გამოძიების პროცესში სათანადოდ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად, კვლავ არსებობს გამოძიების მხრიდან დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროება. ასევე, გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მხრიდან სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების საკითხზე, ასევე, შეისწავლოს ერთ-ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციები, მისი პოზიციის შეცვლის მოტივი, მიზანი და განმაპირობებელი გარემოებები. გარდა ამისა, სხვა (მარიანა ჩოლოიანის გარდა) პასუხისმგებელ პირთა გამოვლენის მიზნით, აუცილებელია ჩატარდეს ამოცნობა კონკრეტული მოწმის მონაწილეობით.

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან კვლავ დაუდგენელია არაერთი საკითხი, რომელიც ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, დამატებით გამოძიებას საჭიროებს. გამოძიების განახლების მიზნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას წინადადებითაც მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურამ აღნიშნული წინადადება არ გაიზიარა.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად და დეტალურად სწავლობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს. აპარატის თანამშრომლები ეცნობიან დაცვის მხარის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებს, გავმართეთ შეხვედრები გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან. ჩვენი შესწავლის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბრალდებულთა მიერ განხორციელებული საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად (მათ მიერ საკითხის კომისიისთვის წარდგენის, გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღებისა და სხვა უწყებების მონაწილეობის ფაქტის გათვალისწინებით). ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და ჩვენი საბოლოო შეფასებაც, საქმის მასალების სრულად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ასევე მოიცავს, საქმის შეფასებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით (შესაძლო პოლიტიკური მოტივი მართლმსაჯულების განხორციელებისას).

რაც შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2020 წელს დაკავებული პირები კვლავ უთითებენ დაკავებისას ძალის გადამეტებასა და დაკავების შემდეგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას. ამასთან, კვლავ არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და უფლებების შესახებ ინფორმირება. ასევე, პრობლემურია სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა და ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არ არის დაფარული.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სახალხო დამცველის აპარატთან აქტიურ კომუნიკაციას და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების პრაქტიკას.

კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა, რაც პატიმართა ჩაგვრისა და ძალადობის გარდა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებასაც უქმნის საფრთხეს. კერძოდ, წლის განმავლობაში ე.წ. პრივილეგირებული პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების საქმიანობაში ხელის შეშლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს. აღნიშნული ინციდენტები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან, იკვეთება, რომ ბოლო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლა სისტემურ პრობლემად ჩამოყალიბდა, რაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს.

სამწუხაროდ, 2020 წელს ადგილი ჰქონდა ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას, რაც გამოიხატებოდა იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან არაერთგზის სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან ვიზიტების ამსახველი ვიდეომასალისა და ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების ფაქტებში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ვიდეო მასალის გამოქვეყნების ნაწილში, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. ამასთანავე, სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, სასამართლომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო.

პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის მიზნით შემოღებულმა განსაკუთრებულმა პირობებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე. დაწესებულებებში ფაქტიურად შეჩერდა ისედაც მწირი სარეაბილიტაციო აქტივობები. მაქსიმალურად შეიზღუდა პატიმრების კონტაქტი გარე სამყაროსთან, კერძოდ, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების მიღების უფლება.

ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის ფონზე, მისასალმებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილი სიფრთხილე, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით აღსანიშნავია იმ თანამშრომელთა თავდადება, რომლებსაც დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების ფონზე უწევთ მუშაობა. საგრძნობლად გაიზარდა მათი დატვირთვა, რაც სათანადო კომპენსაციას საჭიროებს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, სარისკო ვითარებას ქმნის ქვეყანაში არსებული დიდი პენიტენციური დაწესებულებები, გადატვირთულობისა და პატიმართა რაოდენობის მაღალი მაჩვენებელის გამო, რაც წლებია გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. წინა წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებულად საგანგაშოა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას 9 წლიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთა მისი გამოხატვის უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრის, გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტი.

დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, გასული წლების მსგავსად, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა. ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიყოს დამატებითი რესურსი. პრობლემურია ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ასეთი შენობების რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც დევნილები განაგრძობენ ცხოვრებას, დაზუსტებას და სრულყოფას საჭიროებს.

თანასწორობის უფლებისდაცვის კუთხით მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და წინასწარგანწყობები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის შემთხვევები.

2020 წლის მაისის შემდეგ სისტემატური ხასიათი ჰქონდა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ თემის წევრებზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც გამოიხატებოდა თბილისი პრაიდის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებში. სამართალდამცავი უწყება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება და ეფექტური გამოძიება მოყვეს.

ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. 2020 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები გამოვლინდა, როგორც დასაქმების ადგილას, ასევე სამედიცინო მომსახურებისას გაწევისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით აღსანიშნავია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღების და სკოლების დახურვას და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.

განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების სრულყოფილად განხორციელება კვლავ გამოწვევას წამოადგენს. აღნიშნული, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებაში არსებულ დაბალ ცნობიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების ნაკლებობას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა.

კვლავ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განათლების უფლების ეფექტური განხორციელება, არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაციის ფლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონა ვირუსის წინაშე ეთნიკური უმცირესობები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავარ პრობლემას მათთვის მისაწვდომი ფორმით კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კვლავ გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში თანასწორი გარემოს შექმნა, ძალადობისა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპული განწყობების აღმოფხვრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ რიგ შემთხვევაში დისკრიმინაციული იყო.

მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ამ დრომდე არ განსაზღვრულა გაეროს შშმ პირთ უფლებების კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. ასევე, არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც აბრკოლებს შშმ პირებს, უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ.

კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმში ოჯახები სახლის პირობებში ვერ უმკლავდებოდნენ შშმ პირთა საჭიროებებს. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შშმ პირების, მათ შორის შშმ ბავშვების უმეტესობისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეჩერებამ არა მარტო შეაფერხა მათი განვითარებისა და რეაბილიტაციის პროცესი, არამედ გამოიკვეთა უკვე მიღწეული შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს მიეცათ, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე დარჩნენ.

ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, გადატვირთულობა, დისტანციის დაცვის შეუძლებლობა, პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის პრობლემა ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, ასევე ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტებს.

2020 წელს, ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის პირობებში, განსაკუთრებულ ზრუნვას ხანდაზმული პირები საჭიროებდნენ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევიან. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რაც ხანდაზმულთა დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების და დაწესებულების პერსონალის სავალდებულო ტესტირებაში გამოიხატა, ვირუსის გავრცელების შემთხვევები მაინც დადასტურდა ასეთ ინსტიტუტებში, რაც დამატებითი პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობაზე დამოკიდებული ხანდაზმული პირები. შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ხანდაზმული პირებისთვის შინმოვლის პროგრამის განხორციელებისა და პალიატიურ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რაც შეზღუდულად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები პროგრამების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საფუძველს უყრის ბავშვის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ვინაიდან ხშირად მათი საბაზისო საჭიროებებიც არ არის დაკმაყოფილებული. აუცილებელია სახელმწიფომ გაატაროს დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებები თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც დისტანციური სწავლების პროცესში, ინტერნეტისა თუ კომპიუტერული ტექნიკის არქონის გამო განსაკუთრებით პრობლემურია სიღარიბეში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში.

კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად, ქვეყანაში შემოღებულმა საგანგებო ღონისძიებებმა სერიოზული პრობლემები შექმნა უსახლკარო პირთა უფლებებისდაცვის კუთხითაც. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება. ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან ის უსახლკარო პირები, რომლებიც თვით-მოვლას ვერ ახერხებენ, რადგან თავშესაფრები უარს აცხადებენ მათ მიღებაზე, რაც უსახლკაროებს, განსაკუთრებით ზამთარში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს.

2020 წელი მნიშვნელოვანი იყო შრომის კანონმდებლობის მოწესრიგების მიმართულებითაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სრული მანდატის მქონე შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილი იქნება შრომის კანონმდებლობის დაცვას გაუწიოს ზედამხედველობა.

აღნიშნული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პანდემიურმა ფონმა ქვეყანაში გააუარესა დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა. სისტემურ ხასიათს ატარებდა დასაქმებულების უხელფასო შვებულებაში უვადოდ გაშვების ან ხელშეკრულების, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით შეწყვეტის ფაქტები.

2020 წელს კვლავ პრობლემად რჩება ეკომიგრანტთა უფლებების დაცვისკენ მიმართული პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის პრევენციაზე და პრობლემაზე მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაგედია დატრიალდა ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც ჩამოწოლილ მეწყერს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პრევენციული ღონისძიების გატარების საჭიროებას.

და ბოლოს, ახალმა კორონა ვირუსმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებელ პირებზე, რომლებიც ანტიკრიზისული სოციალურ პროგრამების ცალკეული კომპონენტის მიღმა აღმოჩნდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)