სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვს სხვადასხვა დისკრიმინაციული ნორმის გაუქმებას

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, როდესაც ირღვევა გარკვეულ პირთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ ნორმების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც თანასწორობის უფლებას არღვევს ქვეყანაში.

* * *

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის იმ კონკრეტული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც სახელმწიფო ქონების შეძენისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში მიიღოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა.

სადავო ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის N1/1/811 გადაწყვეტილებით გააუქმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გამტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

* * *

სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში სოციალური პაკეტის შეწყვეტის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მიდგომას ადგენს დასაქმების ადგილის და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ნიშნით.

* * *

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საკითხს შეეხება სახალხო დამცველის კიდევ ერთი კონსტიტუციური სარჩელი, თბილისში მოქმედი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესს ეხება. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალური პირობები ვრცელდება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე. ქმედუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი სამწუხაროდ ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით.

* * *

სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საკანონმდებლო რეგულაცია აწესებს ბლანკეტურ შეზღუდვას და განურჩევლად ჯანმრთელობის თუ ფუნქციური მონაცემებისა, ყველა უმცროს სპეციალური წოდების მქონე პირს ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან 60 წლის მიღწევისას. საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს სხვა მრავალ რეგლამენტაციას, რომელიც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უფლებამოსილებას ანიჭებს გაათავისუფლოს თანამშრომელი შრომისუუნარობის ან მოვალეობის შეუსრულებლობისას. შესაბამისად, ზღვრული ასაკის დამდგენი ნორმა დისკრიმინაციულია იმ პირების მიმართ, რომელიც სადავო ნორმის რეგულირების სფეროში ექცევიან.

* * *

კიდევ ერთი კონსტიტუციური სარჩელი ანდერძისმიერი მემკვიდრის სტატუსმა განაპირობა. განმცხადებელს სურდა საკუთრების უფლება მოეპოვებინა იმ საცხოვრებელ სივრცეზე (ბინა), რომელსაც კანონიერად ფლობდნენ მისი მშობლები. აღნიშნული ბინა, მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, საცხოვრებლად გადაეცათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული სამსახურის გამო. ბინა დღემდე წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას. კანონმდებლობის შესაბამისად, განმცხადებელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა იმ ცნობის გაცემა, რომელიც ამ ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე სამინისტრომ მას უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ განმცხადებელი არ არის საქართველოს მოქალაქე. უარი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით განსაზღვრულ წესს, რომელიც საკუთრების უფლების მოპოვებიდან გამორიცხავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. სახალხო დამცველი თვლის, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია მოქალაქეობის ნიშნით.

იმედს ვიტოვებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელებს და ამ გზით უზრუნველყოფს დისკრიმინაციული დებულებების გაუქმებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)