სიახლეები

საკონსტიტუციო სარჩელი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, როდესაც ირღვევა გარკვეულ პირთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ ნორმების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებებს არღვევს:

  • სახალხო დამცველმა „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული, საკონტროლო შესყიდვისა და კონტროლირებადი მიწოდების ოპერატიული ღონისძიებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები არ ითვალისწინებს დანაშაულის პროვოკაციისაგან დაცვის შესაბამის გარანტიებს, რაც პროცედურულად შეუძლებელს ხდის დანაშაულის პროვოკაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში - „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ - შესაბამისი დარღვევა იქნა დადგენილი საკანონმდებლო გარანტიების არ არარსებობის გამო.
  • „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ოპერატიული ღონისძიება - ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი,, რომელიც არ საჭიროებს სასამართლო კონტროლს. სახალხო დამცველის მიერ განხილულ საქმეებში გამოვლინდა, რომ ეს ღონისძიება იწვევს პირად ცხოვრებაში ინტენსიურ ჩარევას, მაგრამ არ საჭიროებს შესაბამის სასამართლო კონტროლს, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

იმედს ვიტოვებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელებს და ამ გზით უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას საქართველოში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)