ეროვნება / მოქალაქეობა

რეკომენდაცია მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით

2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების პატიმრისადმი დამამცირებელი მოპყრობისა და მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს.

მსჯავრდებული კ.ყ. დაავადებულია C ჰეპატიტით, აქვს ღვიძლის ფიბროზი, ციროზის სტადია და შაქრიანი დიაბეტი. რეკომენდებულია მედიკამენტ „სოფოსბუვირით“ მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში. მსჯავრდებულს მკურნალობაზე ეუბნებიან უარს, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფოს განმარტებით, მედიკამენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა, ასევე, გამონაკლისი შემთხვევების განხილვა არ ხორციელდება.

მომჩივნის დაავადება პროგრესირებადია და ადეკვატური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში არსებობს ფატალური შედეგის დადგომის რისკი. ვინაიდან მომჩივანს აღკვეთილი აქვს თავისუფლება, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად უზრუნველყოს საკუთარი მკურნალობა და მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, მედიკამენტის უსაფრთხოების დაცვის მიზანი და მომჩივნის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის არქონასთან დაკავშირებული ტექნიკური სიძნელეები მომჩივნის ჯანმრთელობის უფლების ხელყოფასა და მისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაამართლებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროგრამიდან გამორიცხვა წარმოადგენს მსჯავრდებულის მიმართ პირდაპირ დისკრიმინაციას, რამდენადაც ის იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და ვერ სარგებლობს მისი ჯანმრთელობის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, ვინაიდან ის არ არის საქართველოს მოქალაქე.

სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში ითხოვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა გამონაკლისის სახით, დროულად უზრუნველყონ N17 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის “C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვა და მედიკამენტ „სოფოსბუვირით“ მკურნალობა.

ასევე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდეს ცვლილები იმგვარად, რომ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების მსგავსად, ხელმისაწვდომი იყოს პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული, შესაბამისი მკურნალობის საჭიროების მქონე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს და მისი დაცვის გარეშე აზრი ეკარგება სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)