სხვა ნიშანი

საქართველოს სახალხო დამცველმა საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესში საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2016 წლის 18 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მერს რეკომენდაციით მიმართა, რომ უსახლკაროთა სათანადო საცხოვრისით დაკმაყოფილების სტრატეგია დაგეგმოს იმგვარად, რომ ყველა უსახლკარო ადამიანის/ოჯახის აღრიცხვა და მათი საცხოვრებლით თანასწორ საფუძველზე დაკმაყოფილება უზრუნველყოს.

თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების თანახმად, ორხევის სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის პროცესში უპირატესობა ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობასა და ზღვის უბნის კორპუსებში მაცხოვრებელ პირებს ენიჭებათ.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მსგავსი უპირატესობების საფუძველი. რეკომენდაციის თანახმად, პრობლემის გადაჭრის გზებმა არასწორი მოლოდინები არ უნდა შეუქმნას მოწყვლად ჯგუფს; აუცილებელია, სახელმწიფომ გაიაზროს, რომ სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის დაგეგმვა ძირითად როლს ასრულებს უსახლკარობის აღმოფხვრის საქმეში, ხოლო უსახლკარობის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის არარსებობამ შესაძლოა ბიძგი მისცეს და გაამყაროს სოციალური სეგრეგაცია, რაც თავის მხრივ ხანგრძლივ უთანასწორობას იწვევს.

სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისის მერიას მიმართა რეკომენდაციით, რომ ორხევის სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით და მომავალში აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ მსგავსი სოციალური პროგრამების შესახებ, რათა ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება მოხდეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)