საკონსულტაციო საბჭო

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭო

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, 2017 წელს ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. აღნიშნული საბჭოს საქმიანობის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს შექმნით სახალხო დამცველმა გაითვალისწინა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მან ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

საბჭოს შემადგენლობა და დებულება დამტკიცებულია საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით (2017 წლის 6 დეკემბრის N370 ბრძანება). საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით, რომელიც 2 თვეში ერთხელ იმართება. საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)