ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი

ძალადობისგან დაცვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა არასრულწლოვნის დედამ ქ.ი.-მ მისი შვილის მიმართ მასწავლებლების მხრიდან სავარაუდო ძალადობის და ბავშვებს შორის ბულინგის ფაქტებზე. საქმეში იკვეთებოდა ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გამწვავება და აღნიშნულის საფუძველზე საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორება. საქმეში განსაკუთრებით პრობლემური იყო მტკიცებულებების მოპოვება, ძალადობის სპეციფიკისა და ფაქტის შემდგომ გასული დროის გათვალისწინებით.

შემთხვევის კომპლექსური და კოორდინირებული შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას. შემთხვევაზე გამოიკითხა არასრულწლოვანი, მასთან მუშაობის პროცესში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. საქმისწარმოების მიმდინარეობისას, განმცხადებელს არაერთი კომუნიკაცია ქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთან და მისგან იღებდა შესაბამის კონსულტაციას.

მიმართვები განხორციელდა საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და თავად სკოლისადმი. თუმცა, სათანადო მტკიცებულებების არქონის საფუძველზე, მათ ძალადობისა და ბულინგის უშუალო ფაქტები ვერ დაადასტურეს და დარღვევა არ დაადგინეს. აღნიშნულის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა საქმის სრული მასალები, რომელთა დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სკოლის მხრიდან ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, ბავშვთა მიმართ და არასრულწლოვნებს შორის ძალადობისა და ბულინგის შემთხვევებზე დროული რეაგირების განუხორციელებლობა.

საქმისწარმოების შემდგომ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომელმაც გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პოზიცია და დაადგინა, რომ სკოლამ არ განახორციელა არასრულწლოვნის დაცვისა და მისი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული ვალდებულებები.

განმცხადებელთან კომუნიკაციისას გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მან სხვა სკოლაში განაგრძო სწავლა და როგორც განმცხადებელს, ასევე, ბავშვს გაუღრმავდათ ნდობა სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო უწყებებისადმი.

საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)