ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი

ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება

სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მშობელმა და ითხოვდა მისი მცირეწლოვანი შვილის ნახვას. საკითხის შესწავლისას იკვეთებოდა ბავშვის მეორე მშობლის რეზისტენტული დამოკიდებულება საკითხისადმი, რადგან მიიჩნევდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხანმოკლე პაემანზე მცირეწლოვნის მიყვანა შესაძლოა, მისთვის სტრესული ყოფილიყო. ამასთან, საკითხს კიდევ უფრო ამწვავებდა ის გარემოება, რომ მშობლებს სასამართლოსთვის არ ქონდათ მიმართული ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ.

საკითხის შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულთან, რომლის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი აქტიურად მუშაობდნენ საქმეზე. მათ შორის, არაერთხელ განუმარტეს ოჯახს ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, მშობელთან კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ.

საბოლოოდ, მშობელი დათანხმდა ბავშვის ვიდეო პაემანში მონაწილეობაზე და მეორე მშობელს მიეცა შესაძლებლობა, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, ვიდეო პაემანის საშუალებით ქონოდა შვილთან კომუნიკაცია.

საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკავშირდება ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საკითხს, რისი უზრუნველყოფაც, ხშირად დროში გაწელილი და ძალიან პრობლემური პროცესია. სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ინფორმირებულობა, ამ პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და მშობელთან გაუცხოების პრევენცია. ამასთან, საქმისწარმოების საფუძველზე იკვეთება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მშობლებთან ბავშვების კომუნიკაციის საკითხის განსაკუთრებულად სტერეოტიპული განხილვა და ვიდეო პაემანის შესაძლებლობის გამოყენების სიმცირე, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრესული იქნებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მშობელთან შვილის კომუნიკაციის გაუმჯობესების პროცესში.

საქმეზე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღვინჯილია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)