სახალხო დამცველის აპარატისთვის ახალი შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
2022 წლის 8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აპარატის თანამშრომლები სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური ოფისის მშენებლობას ეწვივნენ, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და შენობის საძირკველში დროის კაფსულა ჩადეს.
შენობის მშენებლობაზე მუშაობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და კონტრაქტის შესაბამისად 18 თვეში, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
სახალხო დამცველის აპარატს ახალი შენობის ასაშენებლად თბილისში, ფაღავას ქ. N6-ში 2 123 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც 5 სართულიანი, 3 036 კვადრატული მეტრი საერთო ფართობის მქონე შენობა აშენდება.
სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალური, თბილისის ოფისი 2018 წლის ივლისიდან ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებს, ვინაიდან აპარატის ბალანსზე არსებული, ნინო რამიშვილის N6-ში მდებარე შენობა ავარიული იყო და ყოველწამიერად უქმნიდა საფრთხეს თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, შენობა მცირე ზომის გამო, გადატვირთული იყო და არც შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის იყო საკმარისად ადაპტირებული.
„სასიხარულოა, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თანამედროვე შენობაში დამკვიდრდება, რომლის ადგილმდებარეობა, შიდა სივრცეები და გარე პერიმეტრი მაქსიმალურად იქნება მორგებული საზოგადოების საჭიროებებსა და კომფორტს; და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად იქნება მისაწვდომი შშმ პირებისთვის.
პროექტში გათვალისწინებულია სივრცეები სამკითხველო დარბაზისთვის, ბიბლიოთეკისთვის, მცირე გამოფენებისთვის. იქნება ბავშვთა კუთხე, ჟურნალისტთა სამუშაო ოთახი, იქნება საკმარისი რაოდენობის ოთახები მოქალაქეებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების გასამართად. ასე, რომ ახალი შენობა დააკმაყოფილებს ყველანაირი ღონისძიების საჭიროებას, როგორც სახალხო დამცველის აპარატისთვის, ასევე ადამიანის უფლებების და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის,“- განაცხადა სახალხო დამცველმა შენობის საძირკველში დროის კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაზე.