ახალი ამბები

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

2016 წლის 20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გამართა, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც შემოუერთდნენ.

ღონისძიებაზე ლტოლვილთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინტერესის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ასევე დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში.

საქართველომ ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება აიღო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციასა და მის 1967 წლის დამატებით ოქმთან მიერთების შემდეგ. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვა გარანტირებული იქნება ჩვენ ქვეყანაში.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაა. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავია მიძღვნილი აღნიშნულ პირთა უფლებრივ მდგომარეობზე.

სახალხო დამცველი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც 2015 წელს, სახალხო დამცველის აპარატში მომზადდა სპეციალური ანგარიში „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ“.

20.06.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)