ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში რამდენიმე ათეული შეხვედრა ჩაატარეს.

წლევანდელი კამპანიის ძირითადი თემა ეხებოდა ბავშვთა ქორწინებას, ვინაიდან კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა ქორწინების იძულების შემთხვევები. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ დანაშაულებზე მკაცრი პოლიტიკის გატარების აუცილებლობასა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებულად მუშაობას.

სახალხო დამცველის თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან სახალხო დამცველის მანდატზე ისაუბრეს. მიმოიხილეს გენდერული თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამ მიმართულებით.

კამპანიის მიმდინარეობისას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ასევე ჩაერთნენ სხვადასხვა უწყებისა და მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ცნობიერების ამაღლების შეხვედრებში, რომლებზეც მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი თემები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში ყოველი წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე აღინიშნება და მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)