ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა მარინა კალჯურანდმა და სვენ მიქსერმა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს

2021 წლის 15 ნოემბერს ევროპის პარლამენტის 2019-2024 წლის მოწვევის პარლამენტარებმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ მარინა კალჯურანდმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი აპარატის მუშაობა ქებას იმსახურებს, ხოლო მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ყოველთვის შემაშფოთებელია.

ჩვენ ვეცნობით ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის, მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ, ასევე N18 პენიტენციურ (სამედიცინო) დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებების შესახებ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი რომ მისი უფლებები იქნება დაცული.

2017 წელს მოვალეობის შესრულების დაწყების დღიდან, ქალბატონი ლომჯარია სამაგალითოდ და თავდაუზოგავად იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგ მმართველობასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას საქართველოში. სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ღერძს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით - განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი სახალხო დამცველის არსებობა, რომელიც გამჭვირვალედ და დამოუკიდებელად ახორციელებს თავის მოვალეობას.

ევროკავშირის ბიუჯეტის და გრანტების, ასევე „დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტის“ (EIDHR) პროექტების მხარდაჭერა ამ ინსტიტუტის მიმართ მის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა, საკუთარი მოვალეობების თავდაუზოგავად შესრულებით, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული გზის შენარჩუნებაში. ისინი სარგებლობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის საჯარო მხარდაჭერითა და ნდობით. ეჭვგარეშეა, რომ ისინი იმსახურებენ შექებას და არა კრიტიკას საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მათი ერთგულების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)