ახალი ამბები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის 24-ე კონფერენცია და გენერალური ასამბლეა

2020 წლის 16-18 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა მაია გედევანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) 24-ე კონფერენციისა და გენერალური ასამბლეის მუშაობაში. ამ წელს ონლაინ ორგანიზებულ ღონისძიებას შოტლანდიის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისი მასპინძლობდა.

კონფერენციის მთავარისამუშაო თემა იყო წევრ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებების საყოველთაო დანერგვის შეფასების მექანიზმის (CRIA) შემუშავება საკანონმდებლო და აღმასრულებელ სფეროებში.

კონფერენციის გახსნაზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებში ნაჯათ მაალა მჯიდიმ, იუნისეფის რეგიონულმა დირექტორმა, ევროპისა და ცენტრალური აზიის სპეციალურმა კოორდინატორმა ლტოლვილთა და მიგრანტთა საკითხებში აფშან ხანმა და ევროპის პარლამენტის გაერთიანებული ჯგუფის თანათავმჯდომარემ ბავშვის უფლებების საკითხებში სასკია ბრიკმონტმა ხაზი გაუსვეს ბავშვის უფლებების განუხრელი დანერგვის აუცილებლობას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სფეროში და განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე.

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების აზრით, CRIA-ს მექანიზმი ყველა ქვეყანამ უნდა დანერგოს და შეიმუშავოს სამართლებრივი მანდატი მისი სახელმწიფო დონეზე განხორციელებისთვის. არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს საქმიანობის სფერო, სადაც ბავშვის ინტერესები და შესაბამისად, ბავშვის უფლებები არ იქნება გათვალისწინებული.

კონფერენციაზე თემის ექსპერტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება გაუზიარეს.

18 ნოემბერს, ENOC-ის ყოველწლიურმა გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცდა ქსელის ბიუროს ახალი შემადგენლობა, აირჩია თავმჯდომარე (საბერძნეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის წარმომადგენელი) და დაამტკიცა ქსელის განცხადება CRIA-ს დანერგვის აუცილებლობის შესახებ, CRIA-ს დანერგვის გზამკვლევი წევრი ქვეყნებისთვის და ქსელის წესდების ცვლილებები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დეპარტამენტი ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელთან, აგრეთვე ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების სხვადასხვა ინსტიტუტებთან ერთად, აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გამართულ ეროვნულ თუ საერთაშორისო ღონისძიებებსა და პროექტებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება