ახალი ამბები

განცხადება ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ

2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი.

საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შესძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ გუშინ, ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ჩემს წარმომადგენლებთან საუბარი ვერ მოახერხა.

ჩვენს მიერ ბექა ბექაური დღესაც იქნა მონახულებული და გამოკითხული, ასევე, მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის N1 იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 2016 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, და მიუხედავად თავის ქალას ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო. მრავლობითი დაზიანებების გამო, ბრალდებული ორჯერ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.

ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან, ამავდროულად მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

შესაბამისად, მოვითხოვ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)