ახალი ამბები

ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათი უფლებების უკეთ რეალიზებას ემსახურება.

საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ და სისტემური ხასიათის პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან როგორებიცაა ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მაპროვოცირებელი რისკ–ფაქტორების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა სახის ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოებასთან, მათზე ადეკვატურ რეაგირებასა და ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის არარსებობასთან.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ხანდაზმული პირები, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობა ძირითადად ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ხასიათისაა. თუმცა, სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ძალადობის გამოვლენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს. ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის უქონლობა შეუძლებელს ხდის ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოებების იდენტიფიცირებას, შემდგომში სათანადო პრევენციული მექანიზმების განხორციელებას და მათ სრულყოფას. სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, მკაფიოდ დაანახებდა საზოგადოებას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის მახასიათებლებს, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება უფრო ეფექტიანი და სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებულ პრევენციისა და დაცვის საშუალებების დაგეგმვის პროცესში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 65 და ზევით ასაკის პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)