ახალი ამბები

პირბადის ტარების წესი

სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა და წარმოგიდგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და მთავრობის N368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ გამარტივებული ვერსიას.

1. როგორი პირბადე შეიძლება გავიკეთო?

პირბადე იცავს სასუნთქ ორგანოებს წვეთებისა და ნაწილაკებისგან. პირბადე შესაძლოა იყოს სამედიცინო ან არასამედიცინო.

სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. იგი ერთჯერადი გამოყენებისას წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ს აკავებს.

არასამედიცინო პირბადე სხვადასხვა ქსოვილისგან მზადდება. იგი საყოფაცხოვრებო პირობებში გამოიყენება და დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელებისგან გვიცავს. სხვადასხვა ქსოვილის არასამედიცინო პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა 0,6%-დან 70%-მდე მერყეობს.

2. როგორ უნდა გავიკეთო პირბადე? აუცილებელია ცხვირი დამიფაროს?

პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.

3. სად არის აუცილებელი პირბადის გამოყენება?

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში
  • შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში
  • სავაჭრო ობიექტებში
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებისას

*პირბადის ტარება სავალდებულოა ასევე სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ რეკომენდაციების შესაბამისად

* * დახურულ სივრცეებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

4. ვის არ მოეთხოვება პირბადის გამოყენება?

  • თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან
  • პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს)
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვს
  • პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით
  • მეტროპოლიტენით/რკინიგზის მემანქანეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს
  • პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.

ამასთან, შეხვედრებზე/თავშეყრისას სიტყვით გამომსვლელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე თუ დაიცავს 2 მეტრიან სოციალურ დისტანციას.

5. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ვატარებ პირბადეს, ამაზე ახალი ცნობა უნდა ავიღო სამედიცინო დაწესებულებიდან?

აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმს მიმართოთ ახალი ცნობის ასაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ უკვე თქვენს ხელთ არსებული რაიმე ტიპის სამედიცინო დოკუმენტით. მათ შორის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა), და სხვ.

6. რა შედეგი მოყვება პირბადის ტარების წესის დარღვევას?

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11 მუხლის შესაბამისად - ფიზიკური პირი დაჯარიმდება 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე 500 ლარით.

7. ვის შეუძლია დაგვაჯარიმოს?

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
  • მუნიციპალიტეტებს
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)