ახალი ამბები

პირველი რეგიონული ფორუმი: ბიზნესი და ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

2020 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო პირველ რეგიონულ ფორუმში: ბიზნესი და ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - „ვაქციოთ ადამიანის უფლებები ბიზნესის პრიორიტეტად“.

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) სტამბოლის და ბანგკოკის რეგიონული ოფისები, აგრეთვე გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფი.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ბიზნესის, შრომის ინსპექტორებს, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, აგრეთვე პლატფორმის შექმნა კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ფორუმის დროს განიხილეს გლობალური და რეგიონალური პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკა და მნიშვნელოვანი ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო პრინციპები, სახელმწიფოს ვალდებულებები ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის ბიზნესის და ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის გამოცდილებაზე ბიზნესთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან მიმართებით. მიმოიხილა სახალხო დამცველის მანდატი და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობაზე, რომელიც აპარატმა ბიზნესის სფეროში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მიზნით განახორციელა; ისაუბრა ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით აპარატში არსებულ კარგ პრაქტიკაზე; ასევე მოკლედ მიმოიხილა აპარატის მუშაობა COVID 19-ის პანდემიის პირობებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება