ახალი ამბები

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან

2017 წლის 19 სექტმებერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები.

შეხვედრის მიზანი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის იმ რეკომენდაციების გაცნობა, რომელიც რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა სახელმწიფო უწყებებისადმი. რეკომენდაციათა ვრცელი ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიემართება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნეიტრალობის დაცვა, არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა და ქსენოფობიასთან ბრძოლა საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მასწავლებელთა კომპეტენციის ზრდა ტოლერანტული ცნობიერების თვალსაზრისით და სასწავლო სახელმძღვანელოების პრობლემა.

რელიგიათა საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რასაც სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი „სიპპები“ ახორციელებენ რეკომენდაციებში დასმული საკითხების მიმართულებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციის განვითარების პროგრამის მენეჯერის, ნათია ნაცვლიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მულტიკულტურული განათლების დანერგვისათვის შესაბამისი სილაბუსები და სატრენინგო მოდულები შესულია, როგორც უმაღლეს სასწავლებლების განათლების მიმართულების, ასევე მასწავლებელთა გადამზადების ეროვნული ცენტრის პროგრამებში.

სახალხო დამცველისა და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სახელმძღვანელოთა შეფასების ინსტრუმენტი მულტიკულტურული და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართ მგრძნობელობის თვალსაზრისით. –„ ახალი სახელმძღვანელოები თავიდანვე მოიხსნება შეფასებიდან, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს ამ თვალსაზრისით. ვაპირებთ პოტენციურ ავტორებს ჩავუტაროთ ტრენინგები, ვაპირებთ ამ სახელმძღვანელოების დრაფტები ავტვირთოთ ვებ-გევრდზე, რათა ის იყოს ღია ყველასთვის და გავითვალისწინოთ სხვადასხვა ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები“ - განაცხადა შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნობს მათ მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამებს და ასევე ითანამშრომლებს საბჭოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ახალი სატრენინგო მოდულების შექმნის თაობაზე. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ გრიფირების სამმართველოს უფროსი, ნანა კილასონია რელიგიათა საბჭოს წევრებსა და ექსპერტებს შეახვედრებს სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორებს, რათა მათთან ერთად მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აისახოს რელიგიური და ეთნიკური მრვალფერივნების საკითხი სახელმძღვანელოებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)