ახალი ამბები

საჯარო დებატები: არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო

2016 წლის 30 სექტემბერს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „არჩევნები და ინკლუზიური საარჩევნო გარემო“. ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებამდე 8 დღით ადრე, უჩა ნანუაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხი მიმოიხილა.

უჩა ნანუაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში მოკლედ მიმოიხილა საჯარო დებატების თემატიკა, რომელიც განიხილავდა ზოგად პოლიტიკურ კულტურას არჩევნებთან მიმართებით, ეძლევათ თუ არა საშუალება სხვადასხვა ჯგუფებს თანაბრად მონაწილეობდნენ არჩევნებში, რა გამოწვევები და პრობლემები არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქალების მონაწილეობის მიმართულებებით.

აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი წელს პირველად იყენებს კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და წინასაარჩევნოდ, არჩევნების მიმდინარეობისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში მონიტორინგს განახორციელებს უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით, ასევე შეისწავლის საარჩევნო დავების მიმდინარეობას სასამართლოში.

კვლავ პრობლემას წარმოადგენს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს პრაქტიკაში განხორციელება, ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობა მნიშვნელოვნად აბრკოლებს საარჩევნო უბნებამდე შშმ პირთა დამოუკიდებელ გადაადგილებას; როგორც ცნობილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა 1115-ია, ეს ციფრი კი ქვეყნის მასშტაბით არსებული საარჩევნო უბნების მხოლოდ მესამედს შეადგენს.

არადამაკმაყოფილებელია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში, დაბალია მათი ინფორმირების და აქტივობის მაჩვენებელი; მინიმალურია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა რაოდენობა.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავ არ გაითვალისწინეს ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივა ნაკლებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალდებულო გენდერული კვოტის აუცილებლობასა და მნიშვნელობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის საკითხზე მოხსენებით წარსდგნენ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი კობა ნადირაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის პროგრამის ოფიცერი ნინო დოლიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე.

საჯარო დებატებს მოდერაცია სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა ეკა ფოფხაძემ გაუწია.

საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს განიხილონ მოსახლეობის პრობლემები.

საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.

30.09.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)