ახალი ამბები

საჯარო ლექცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 8 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

სახალხო დამცველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, მათ შორის გენდერული თანასწორობის, ბავშვთა, უსახლკაროთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე, დევნილთა საჭიროებებზე, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე. ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების მაღალი ხარისხის მნიშვნელობას.

ასევე, სახალხო დამცველმა ისაუბრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აუცილებლობაზე; ზოგადად განიხილა მართლმსაჯულების კუთხით და პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევები და სტუდენტებს სახელისუფლებო უწყებების მიმართ შემუშავებული მთავარი რეკომენდაციებიც წარუდგინა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს უჩა ნანუაშვილმა სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის საქმიანობა განიხილა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია „ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად“ გამოაცხადა.


7.12.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)