საინფორმაციო შეხვედრები ზემო სვანეთის რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით
2018 წლის 5-6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებთან, პოლიციის თანამშრომლებთან და სოციალურ მუშაკებთან გენდერული თანასწორობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ლატალსა და ლენჯერში მცხოვრები ქალებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურული პრობლემები, კერძოდ, სასმელი წყლისა და გზის პრობლემა. ასევე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ზემო სვანეთში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა.
სოციალურ მუშაკებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მსხვერპლისთვის ფსიქოლოგის მომსახურების არარსებობა და სოციალური მუშაკების მცირე რაოდენობა და ტრანსპორტირების პრობლემა. ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა ხაზი გაუსვეს რეგიონის სპეციფიკას, კერძოდ, არსებული ტრადიციული შეხედულებებისა და გენდერული სტერეოტიპების გავლენით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობის სიმცირეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს ზემო სვანეთის რეგიონში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.