საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.