ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან შეხვედრები გამართა

2023 წლის 30-31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის მოადგილეებმა ეკატერინე სხილაძემ და გიორგი ბურჯანაძემ შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი იყო ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და აპარატის მიერ გარდამავალ ეტაპზე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

შეხვედრებზე განხილვის ძირითადი საკითხები იყო ევროკავშირის კანდიდატის წევრობისთვის საქართველოსთვის დადგენილი 12 წინაპირობის შესრულების საკითხები ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან; ასევე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის, ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის პირობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, თანასწორობის საკითხები, საარჩევნო უფლების და საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხები, ადამიანის უფლებადამცველთა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვა. პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე ასევე განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო სახალხო დამცველის აპარატის ამ ეტაპზე ფუნქციონირება და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს მედიისა და ინტერნეტის განყოფილების და გამოხატვის თავისუფლებაზე თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელებთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩევლებთან, ანტი-დისკრიმინაციის დეპარტამენტის, ასევე არჩევნების და მონაწილეობითი დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ადგილობრივი თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

ევროპული სოციალური ქარტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და სხვა წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშები და განხილული იქნა აპარატის კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის აქტიურად გაგრძელების პერსპექტივები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელთან და ასამბლეის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს მიმართ დადგენილი ადამიანის უფლებების ვალდებულების შესრულების საკითხი.

შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს პროგრამული დახმარების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები. განიხილეს ევროსაბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხი, ასევე მომავალი გეგმის შემუშავების ეტაპები და ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობის და მხარდაჭერის შესაძლებლობა. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობის აუცილებლობას.

ასევე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და მისი მანდატის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)