ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული რისკების გათვალისწინებით, მსოფლიოში, კარგად ადაპტირებულ მიდგომად ჩამოყალიბდა ეროვნული სასამართლოების მხრიდან ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორებიცაა არსებული ჰაერდაცვითი კანონმდებლობის ეფექტიანობა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვისთვის უკეთესი გარანტიების დანერგვის საჭიროება. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით გამოწვეული უფლებადარღვევის საქმეებზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა აქვს განვითარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამჟამად, დავა მიმდინარეობს აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეები რუსთავში არსებული ქარხნებიდან მომდინარე გაფრქვევების პრევენციისთვის ქმედითი ზომების გაუტარებლობის გამო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ადევნებს თვალს ჰაერის დაბინძურების კუთხით, ქვეყანაში გამოკვეთილ პრობლემებს და 2017 წლიდან, საკუთარ მიგნებებს საპარლამენტო ანგარიშებში ასახავს. გარდა ამისა, საკითხის აქტუალურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მდგომარეობა ვრცლად შეფასდა სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალურ ანგარიშში - „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აპარატში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სასამართლოს ხელს შეუწყობდა ზემოაღნიშნული დავის სათანადო გადაწყვეტაში და 2022 წლის 21 აპრილს, მის წინაშე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა.

სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში, სახალხო დამცველმა განიხილა სუფთა ჰაერზე უფლების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და მასთან ასოცირებული შედეგები, ასევე უფლების სრულფასოვანი რეალიზებისთვის პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტები. შედეგად, დოკუმენტში აღინიშნა, რომ საქმის გადაწყვეტის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეფასება მისცეს რუსთავში დაფიქსირებული ჰაერის დაბინძურების გავლენას არა მხოლოდ მოსარჩელეთა ჯანმრთელობაზე, არამედ მათი ცხოვრების ხარისხზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილოს, რამდენად ეფექტიანად ახდენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას მოქმედი კანონმდებლობა და მათი აღსრულების მექანიზმები.

გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებისთვის კარგი სტანდარტის დასადგენად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წარდგენილი მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის ჯეროვნად შეფასებაში დაეხმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)