ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პატიმართა უფლებების დაცვის საკითხებზე

საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, როდესაც ირღვევა გარკვეულ პირთა ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვადასხვა ნორმის გაუქმება მოითხოვა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებებს არღვევენ:

  • პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხიმგებლობის სხვადასხვა სახე, მათ შორის - სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის და ხანმოკლე პაემნის აკრძალვა. მრავალი წელია სახალხო დამცველი და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს პარლამენტს ამ შეზღუდვის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ უშედეგოდ. ოჯახური კომუნიკაციის შესაძლებლობა პატიმრებისთვის არ წარმოადგენს პრივილეგიას, არამედ, იგი პატიმრის რესოციალიზაციისა და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა. მიგვაჩნია, რომ პატიმრის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა შესაძლებლობის, თუნდაც, ნაწილობრივი შეზღუდვა დისციპლინური სანქციის სახით, მათი პირადი ცხოვრების არაპროპორციული შეზღუდვაა და აქედან გამომდინარე დღევანდელი რეგულირება არაკონსტიტუციურია.
  • წლების განმავლობაში დეესკალაციის ოთახში მოთავსების პროცედურა, ხანგრძლივობა და სიხშირე, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეშფოთების საგანია. დეესკალაციის ოთახში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის არ მქონე პირების მიერ, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის მიზანშეწონილობას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის ხანგრძლივი დროით მოთავსება, მისი არამიზნობრივი და დასჯის მიზნით გამოყენება ქმნის პირის არაადამიანურად მოპყრობის საფრთხეს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას.
  • სახალხო დამცველმა ასევე კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის უფლების, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე, შეზღუდვის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სადავო ნორმა პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს ფართო დისკრეციას, პატიმარს შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება დასაბუთების გარეშე.
  • განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს აკრძალული აქვთ ვიდეო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენი სარჩელის თანახმად, ეს შეზღუდვა რაციონალურ საფუძველსაა მოკლებული, რადგან ამ კატეგორიის პატიმრები სარგებლობენ სხვა ტიპის პაემნის უფლებით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს.
  • სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში პატიმრობის კოდექსის ის რეგულაციებიც გაასაჩივრა, რომლებიც ბრალდებულს უკრძალავენ ვიდეო და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს, რადგან თავისუფლება აღკვეთილი პირის ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან უშუალო, პირდაპირი და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში განხორციელებული კონტაქტის საჭიროებას განაპირობებს არა მისი საპროცესო სტატუსი, არამედ, ობიექტური რეალობა, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მოთავსება.

იმედს ვიტოვებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელებს და ამ გზით უზრუნველყოფს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

დამატებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე წლის წინ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა ცვლილებები განახორციელა და პატიმრებისთვის გაუქმდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მათ მხოლოდ 100 ფურცლის ოდენობის ოფიციალური დოკუმენტების შენახვის შესაძლებლობა ჰქონდათ საკანში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)