ახალი ამბები

სახალხო დამცველი აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა

2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილ/მოქმედ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მიერ ბრძანებით დადგენილი ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების განსხვავებული წესების კანონიერებისა და დაწესებული შეზღუდვების აუცილებლობის საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველთან დააფიქსირეს პოზიცია, რომ ობსერვატორიის ადმინისტრაციის მხრიდან იგეგმება ბრძანებით დადგენილი შეზღუდვების დაუსაბუთებლად გაგრძელება, რაც კიდევ უფრო შეუზღუდავს მათ ოჯახის წევრებისა და საცხოვრებლების მონახულებას და შესაბამისად, დაარღვევს მათ პირად და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოხატა საკითხის შესწავლის მზაობა ბრძანების მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში და მიუთითა, რომ დაწესებული შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში, იზრდება ობსერვატორიის ადმინისტრაციის მხრიდან გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, თითოეული ამგვარი დამატებითი შეზღუდვა კი მკაცრად უნდა პასუხობდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის კრიტერიუმებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)