ახალი ამბები

სახალხო დამცველი კოოპერატიული ბინათმშენებლობის შეჩერების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

2023 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში 90-იან წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობის შეჩერების შედეგად დაზარალებული პირებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად შესრულებას და მათი ბინებით, უზრუნველყოფას ითხოვს.

სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშებში წლებია მიუთითებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა საქართველოს რეგიონებში, სადაც, აღნიშნული საკითხი სამართლებრივადაც არ არის დარეგულირებული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობამ მიიღოს ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელშიც დეტალურად გაიწერება ვალდებულების შესრულების ფორმა და ვადა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საკითხის შესწავლას და მანდატის ფარგლებში გაატარებს ყველა ღონისძიებას დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)