ახალი ამბები

სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმიანება. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2020 წლის 21 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და სწორედ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების გამო. შესაბამისად, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. ამასთანავე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლებებსაც ეკისრებათ.

საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ შეფასა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედებები. კერძოდ, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ნორვეგიის ელჩმა და აშშ-ს საელჩომ. შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება,საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალისხმევას არ დაიშურებს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)