სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე
2018 წლის 12-14 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი გამართა თემაზე – „ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალის და საერთაშორისო დაცვის საკითხები“.
მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონულმა სამართლებრივმა მრჩეველმა კრისტინა ბუნეამ ომებისა და კონფლიქტების შედეგად მსოფლიოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისა და აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ტრენინგზე განიხილეს ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მექანიზმები, ასევე ეროვნული საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. მონაწილეები ასევე გაეცნენ სახალხო დამცველის მანდატს, ადამიანის უფლებებისა და ლტოლვილთა შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს, „ლტოლვილის“ განმარტებას კონვენციის მიხედვით და სტატუსის მინიჭებაზე დაშვების კრიტერიუმებს, დევნის სტანდარტებს, ლტოლვილთა დაცვის უნივერსალურ პრინციპებსა და ცნებებს, საქართველოში თავშესაფრის სისტემას და კანონმდებლობას, საერთაშორისო და ეროვნული პრეცედენტულ სამართალს ლტოლვილთა შესახებ.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“ ფარგლებში.