ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი ყველაზე ღია საჯარო უწყებაა

2022 წლის 23 მაისს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის მონაცემები შეაჯამა და სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100% მაჩვენებელი წარმოადგინა - სპეციალური სიგელი გადასცა.

სახალხო დამცველისთვის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოსთვის, გამჭვირვალობა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. ჩვენი აპარატი ყველა ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით გასცემს და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ჯილდოსაც ყოველწლიურად იღებს, რაც უდავოდ დიდი პატივია.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, მიუხედავად საქმისწარმოების ელექტრონულო სისტემაზე გადასვლისა, რაც თავისთავად აიოლებს ინფორმაციის გაცემას და ხელს უწყობს სტანდარტის ამაღლებას, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2017 წლიდან ყოველწლიურად უარესდება და 2021 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო რიცხვი მხოლოდ 54%-ს შეადგენს. ამ ფონზე, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 285 დაწესებულებისგან გამოითხოვეს ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)