ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის საინფორმაციო შეხვედრები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით

2021 წლის ივნისის თვეში სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ორგანიზებით, ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები/მრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, სოფლად მცხოვრები, დევნილი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რეგიონული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრებს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან შეხვედრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობაზე და იმ პრინციპებზე, რომელიც უზრუნველყოფს მის მიღწევას. საბჭოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასებას, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ.

სტუდენტებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ, ასევე მინიმალურია მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის განხორციელების პროცესში. მედია ორგანიზაციებთან შეხვედრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის სწორად გაშუქებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრებზე აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა სამიზნე ჯგუფებს მიაწოდეს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატის, შესაძლებლობებისა და ფუნქციების შესახებ; დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც მომავალში გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)