ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბავშვის უფლებათა საკითხებზე

2025 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ჩართულობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ბავშვის უფლებათა საკითხებზე.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდა თავიანთი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

ღონისძიება გახსნეს სახალხო დამცველის მოადგილემ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს ბავშვის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე და ბავშვების ინფორმირების როლზე უფლებების რეალიზების პროცესში.

მონაწილეებმა ინტერაქტიულ ფორმატში იმსჯელეს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებასა და ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობაზე. ასევე, ბავშვის უფლებებზე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დაცვის მექანიზმებზე და იმ ზოგად მიდგომებზე, რომლებიც სკოლებში მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოში, რა დროსაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე რა გამოწვევებს ხედავენ სასკოლო და სოციალურ გარემოში და რა როლი აქვს სახელმწიფოს, სკოლასა და საზოგადოებას იმისთვის, რომ თითოეულმა ბავშვმა თავი დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)