ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე

სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის პროცესს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის როგორც შინაარსობრივი მხარე, ისე - მისი მომზადებისა და განხილვის არაგონივრულად დაჩქარებული ხასიათი არ პასუხობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არსებულ საჭიროებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში არ ყოფილა ჩართული სახალხო დამცველი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა უდიდესი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ქვეყანაში. კანონპროექტი არ შეიცავს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზრდისკენ მიმართულ ცვლილებებს და არ ითვალისწინებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისთვის გამომძიებლის პროკურორზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მოქმედების სივრცის შექმნას. პროექტის დიდი ნაწილი არ არის დაკავშირებული საგამოძიებო საქმიანობასთან და მხოლოდ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ხასიათს ატარებს.[1]

ამასთან, მოცემული კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2021 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისგან და არ ითვალისწინებს მრავალ ისეთ გარანტიას, რომლის გარეშეც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობას არაერთი პრაქტიკული და საკანონმდებლო პრობლემა ექმნება, რაც ეფექტური გამოძიების ვალდებულებაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი კანონპროექტისგან განსხვავებით:

  • კანონპროექტი არ აღმოფხვრის საკანონმდებლო დონეზე არსებულ ნაკლოვანებებს საგამოძიებო ფუნქციის კუთხით. ამ მხრივ, მხოლოდ ორი დადებითი ცვლილებაა შემოთავაზებული: (1) სამსახურის გამომძიებლისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება; (2) დაცვის სპეციალური ღონისძიების ეფექტიანი გამოყენებისთვის პროკურორისთვის წინადადებით მიმართვა;
  • კანონპროექტი არ ითვალისწინებს სამსახურის ქვემდებარე საქმესთან არსებითად დაკავშირებული საქმის პროკურატურის მიერ სამსახურისთვის სრული მოცულობით გადაცემას. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებშიც, როცა ინსპექტორის სამსახურის არაქვემდებარე დანაშაულებრივი ფაქტი/ეპიზოდი საერთოდ გამოუძიებელი დარჩა;
  • კანონპროექტი არ განსაზღვრავს პროკურატურის მიერ სამსახურის მოთხოვნის განხილვის შემჭიდროვებულ ვადებსა და პროკურორის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას;
  • კანონპროექტი არ შეიცავს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სამსახურის დასაბუთებული წინადადებების განხილვის ვადების შემცირებას, ასევე, პროკურორის გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას;
  • კანონპროექტში არ არის გაწერილი დამატებითი გარანტიები მტკიცებულებების დროულად და შეუფერხებლად მოპოვებისა და დაცვის/შენახვის უზრუნველსაყოფად; კანონპროექტი არ ადგენს სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებულ ვადებს, ხოლო სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში - უარის დასაბუთების ვალდებულებას.

გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს ცვლილებას, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის მაღალ რისკებს შეიცავს. მოქმედი რეგულაციით, სამსახურს ეკრძალება იმ უწყების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყენება, რომლის თანამშრომლის ჩადენილ დანაშაულსაც იძიებს ის. კანონპროექტის თანახმად კი გადაუდებელი აუცილებლობისას, შესაძლებელი იქნება, სამსახურმა გამოიყენოს სხვა უწყების მატერიალურ/ტექნიკური აღჭურვილობა.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა და ეფექტიანი მუშაობა სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვები ასევე გვხვდება ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარშიც. სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა რომ მიიღოს მხოლოდ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.


[1] სპეციალური წოდების, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამშრომლების, საცხოვრებლის, ტრანსპორტის ხარჯების რეგულირება; რანგირება, ვაკანსია, კონკურსი, სტაჟირება, დისციპლინური საქმისწარმოება, წახალისება, გათავისუფლება, ეთიკის კოდექსი, სოციალური დაცვის გარანტიები, კორესპონდენციის განხილვის რეგულირება, საიდუმლოებასთან დაშვების წესი და ა. შ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)