სახალხო დამცველის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის
2023 წლის 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები და საქართველოს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დისკუსიის ძირითად თემებს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების დაცვის გამოწვევები, ნდობის პრობლემა ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის, თანამშრომლობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეფექტიანი გზების დასახვის აუცილებლობა, ფუნდამენტური და სისტემური ცვლილებების განხორციელების საჭიროება. ისაუბრეს ასევე, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების სათანადოდ ასახვის მნიშვნელობაზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის აუცილებლობას და შემდგომში ამ პროცესში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.