ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოწვევით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეუთო/ოდირი დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს. საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას დააკვირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და შეაფასოს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ეუთო/ოდირმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისათვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებში. ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში, სახალხო დამცველის თხოვნით, ორგანიზაციამ მოამზადა სამართლებრივი მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაწერის მიზნით ინიცირებულ კანონპროექტზე, ამის შემდეგ კი მონიტორინგი გაუწია 20 ვაკანსიაზე მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში. მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციამ ასახა ორ ანგარიშში, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საკითხის გარშემო დისკუსიასა და პროცესის თანმდევი ხარვეზების წარმოჩენაში.

იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები (მათთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა შესაბამისი კრიტიკული შეფასებები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე შემდგომი ასახვა და გამოსწორება მნიშვნელოვანია). სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კი კვლავ მიმდინარეობს. პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი.

ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება