ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რიგით 39-ე სხდომას დაესწრო და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის როსა კორნფელდ-მატტეს საქართველოში 2018 წლის 12-22 მარტის ვიზიტის შედეგად მომზადდა, ასახავს ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებს, ამასთან იძლევა ღირებულ რეკომენდაციებს არსებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის რეკომენდაციები ეხმიანება და თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ საკითხებთან.

მიმართვაში თამარ გვარამაძემ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში ხანდაზმულებს გააჩნიათ, კერძოდ, ადეკვატური საცხოვრებლის არქონას, სოციალური სერვისების, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო და სხვა სერვისების არაეფექტურ ფუნქციონირებას, ასაკით დისკრიმინაციას, განსაკუთრებით შრომითი ურთიერთობების დროს დასაქმების, დაწინაურების და გადამზადების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების და გამოვლენის მექანიზმების არ ქონას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას თანამშრომლობა განაგრძოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ანგარიშში ასახული პრობლემებისა აღმოფხვრისა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ამასთან, სახალხო დამცველი აქტიურად განაგრძობს მუშაობას აპარატის საქმიანობის გაუმჯობესების მიმარულებითაც, რათა ამ უკანასკნელის საქმიანობა ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის უფრო ეფექტური გახდეს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)