ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში

2018 წლის 18 და 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ქუთაისში ორდღიანი შეხვედრები გამართეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, გურიის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებთან და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

18 სექტემბერს ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს საკუთრების და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ნაგავსაყრელების მოწყობის კუთხით არსებული გამოწვევები. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აპარატის თანამშრომლებს აღნიშნული უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ კონკრეტული შემთხვევები შეატყობინეს.

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ისაუბრა. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტების ვალდებულებები სათანადო საცხოვრებლისა და კვების უფლების რეალიზების კუთხით და სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მათ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით დააკისრა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები გააცნეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ადგილობრივ პრობლემებზე და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ სიძნელეებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და აქტიურად ითანამშრომლებს მათთან სხვადასხვა უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)