ახალი ამბები

სახალხო დამცველმა აპარატმა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი და ორგანიზაციული განვითარების გეგმა წარმოადგინა

2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2019-2021 წლების სტრატეგიული ამოცანები, ორგანიზაციული განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

„აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებისა და დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების შექმნის მიუხედავად, აპარატის საქმიანობის ერთიანი შეფასება და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავება არ მომხდარა, რაც თავის მხრივ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახსნისას.

სტრატეგიის და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების გეგმაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სინერჯი ჯგუფთან ერთად, 2018 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში მუშაობდა. საწყის ეტაპზე სინერჯი ჯგუფმა სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე, აპარატში დასაქმებულ და დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური ჩართულობით შეაფასა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და ორგანიზაციული სტრუქტურა. შემდეგ დაამუშავა სტრატეგიული ამოცანები და განსაზღვრა 2019 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის ეფექტური განხორციელებისთვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იგეგმება სტრუქტურის რეორგანიზაცია, რომელიც არსებული სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროცესი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)