სახალხო დამცველმა ფშავ-ხევსურეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა
2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ფშავ-ხევსურეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელ უწყებებს დროული რეაგირების განხორციელებისკენ მოუწოდა.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის[1] თანახმად, ფშავ-ხევსურეთის სოფლების - შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა და იღებდა სასკოლო განათლებას, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. შესაბამისად, ამ დაწესებულებებმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების ფუნქციონირების აუცილებლობას ის ფაქტი მიუთითებს, რომ სოფლების ნაწილში არ არის საჯარო სკოლები, ბავშვები კი, ათეულობით კილომეტრის გავლას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისა და საგზაო პრობლემების მიზეზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების განათლების უფლებაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის ბარიერების დაძლევის გზით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი გაგზავნილ მიმართვაში სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გატარდა სასწავლოს წლის დაწყებამდე, პანსიონებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და წინასწარ შეატყობინეს თუ არა ბავშვების ოჯახებს პანსიონების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოუწოდა დროულად იქნას შესწავლილი საკითხი და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვების განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.
[1] მასალა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://mtisambebi.ge/news/people/item/806-pshav-xevsuretshi-27-bavshvi-skolis-gareshe-darcha [ბოლოს ნანახია: 26.09.2018].