ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს ზოგადი წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიური შინაარსის მოსაზრების გავრცელების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“.

საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელშიც განმცხადებელი მაუწყებლის მხრიდან უფლების აღდგენისთვის ქმედით და ეფექტიან რეაგირებას ითხოვდა, მათ შორის, კონკრეტულ ჟურნალისტთან მიმართებით, რომელმაც პირდაპირ ეთერში, საზოგადოების ფართო აუდიტორიის წინაშე მის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის მოსაზრება გაავრცელა.

სახალხო დამცველის შეფასებით, პირის მიმართ ჰომოფობიური გამოთქმების გამოყენება წარმოადგენს პატივისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, ხელყოფს ინდივიდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. ამავდროულად, დამაზიანებელი ეფექტი აქვს, არა მხოლოდ, გამოთქმის ადრესატის, არამედ, მოსახლეობის, როგორც მედიასამართლის სუბიექტების მიმართაც.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მაუწყებელი, ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, ვალდებული იყო სამაუწყებლო ეთერში უზრუნველეყო დისკრიმინაციის წახალისებისგან თავისუფალი გარემო, ხოლო ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის გამოვლინების პასუხად, გამოეყენებინა კანონშესაბამისი, დროული და სრულყოფილი მექანიზმები, როგორც დაინტერესებული პირის უფლებათა დაცვისა და აღდგენის, ისე, ჰომოფობიური სიძულვილის ენის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ მოუწოდა ერთის მხრივ, სამომავლოდ განახორციელოს კანონშესაბამისი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი სამართლებრივი მოკვლევა სამაუწყებლო სივრცეში ჰომოფობიური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველი მოსაზრების გავრცელების ყველა შემთხვევაზე და მეორეს მხრივ, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი აქტივობები თანასწორუფლებიანობის და სიძულვილის ენის პრევენციის საკითხებზე.

განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ა(ა)იპ ,,თანასწორობის მოძრაობა“ წარმოადგენდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)