ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ფორმის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 9 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის საქმის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას.

განმცხადებელი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არ უნაზღაურდება ხარჯები იმ სამედიცინო მომსახურებისთვის (ორთოპედიული ენდოპროთეზირება), რომელსაც სახელმწიფო ზოგიერთ ჯგუფს უფინანსებს. კერძოდ, მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების საფუძველზე, ორთოპედიული ენდოპროთეზირება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს უფინანსდება.

სახალხო დამცველი რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ მართალია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სამედიცინო მოდელის პირობებში, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაკუთრებულად დაუცველი ჯგუფია, თუმცა, აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა, რომელზე დაყრდნობით, პირი არა მისი სამედიცინო დიაგნოზის, არამედ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეფასდება. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ შეფასების მოდელის ცვლილებამდე, მნიშვნელოვანია, შშმ პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება ჯანდაცვის პროგრამების მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისას მოხდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)