ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის არაეფექტიანი გამოკვლევა დაადგინა

2025 წლის 3 ნოემბერს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ეფექტიანი გამოკვლევის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა.

რეკომენდაციას საფუძვლად დაედო ქალი ადვოკატის განცხადება, რომელიც მიუთითებდა, რომ პოლიციის დეპარტამენტში საქმის მასალების გაცნობისას, გამომძიებლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას დაექვემდებარა. იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელს მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის, სახალხო დამცველმა შეისწავლა სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის მხრიდან განხორციელებული რეაგირება.

როგორც სახალხო დამცველმა დაადგინა, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სათანადოდ არ შეუსწავლია და არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამასთან, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გენერალურ ინსპექციას ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისად, სავარაუდო სექსუალური შევიწროების სიღრმისეული მოკვლევისა და შეფასების მიზნით, ესაჭიროება სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემსწავლელი შიდა რეაგირების მექანიზმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა რეკომენდაციით:

  • უზრუნველყოს, სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ფაქტის ეფექტიანი შესწავლა, რეკომენდაციაში ხაზგასმული სტანდარტების შესაბამისად, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, სპეციფიკურად სექსუალური შევიწროების მიმართულებით შეფასების გზით;
  • შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემსწავლელი შიდა რეაგირების მექანიზმი;
  • სისტემატურად უზრუნველყოს სამინისტროს მოსამსახურეთათვის სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო ტრენინგების ჩატარება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)