ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრთა განცხადება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებისადმი, ადგილი დაიმკვიდროს ევროპის კავშირში. ევროპელი მეგობრებისგან ჩვენ ველით უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განვითარების განმსაზღვრელი ბუნებრივი ვექტორია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნება არაერთხელაა გამოვლენილი სწორედ ევროპის კავშირში ადგილის დამკვიდრების მიზანთან დაკავშირებით.

მრავალეთნიკურმა და მრავალკონფესიურმა ქართველმა ხალხმა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი შრომა გაწია. ჩვენი საერთო აზრია, რომ ევროკავშირის სტატუსის მოპოვება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას, მათ შორის იმ პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრას, რაც ევროპის პარლამენტის რეზოლუციითაა ნახსენები.

კანდიდატის სტატუსის მოპოვება მძლავრ ბიძგს მისცემს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, გააღრმავებს სამოქალაქო ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას, შექმნის დამატებით წინაპირობას ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი და ტოლერანტული განვითარებისთვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვისთვის

ევროკავშირი არის მტკიცე და საიმედო მშვიდობა!

აქვე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას უკრაინელი ხალხისადმი. სწორედ მათი გმირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ უმნიშვნელოვანეს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მომავალის განმსაზღვრელ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება.

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ხსნის არმია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ პროტესტანტული ეკლესია
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
  • მეგობართა საზოგადოება
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადება
  • აჰმადია მუსლიმთა საზოგადოება
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  • ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  • ევანგელისტური ეკლესია "ურყევი საფუძველი"

ხელმოწერები გრძელდება

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)