ახალი ამბები

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს

სექტემბრის თვის განმავლობაში მედიით ცნობილი გახდა 4 ფაქტის შესახებ, როდესაც სამუშაო ადგილზე 4 მუშა დაიღუპა, 5 კი დაშავდა. აღნიშნული ვითარება საგანგაშოა და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას, ვითარების რადიკალურად შესაცვლელად.

პირველი შემთხვევა ბათუმში, 8 სექტემბერს მშენებლობაზე მოხდა და მას 2 მუშა ემსხვერპლა. მეორე შემთხვევაში თბილისში, 16 სექტემბერს ყოფილი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მესამე შემთხვევაში თბილისში, 28 სექტემბერსმშენებლობაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. მეოთხე ფაქტს ბათუმში, 30 სექტემბერს ქონდა ადგილი, როდესაც მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულ პირებს დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ჩანს მყარი პოლიტიკური ნება ეფექტიანი შრომის ინსპექციის დროულად შესაქმნელად. ნაცვლად პრევენციული ღონისძიებების გატარებისა, სახელმწიფო პასიურ როლშია, ამავდროულად, ვერ ხერხდება ადეკვატური რეაგირება უკვე მომხდარ შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში მიმდინარე წლის 1 ივნისს ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. იმედია, სახალხო დამცველის მიერ მასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, ხოლო კანონის მიღება არ გაჭიანურდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით, მისი ძირითადი დებულებები პრაქტიკაში მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ამოქმედდება, რაც ასევე დიდი დროა და გადახედვას საჭიროებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს დროულად უზრუნველყოფა ქვეყანაში, დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები ეფექტიანი შრომის ინსპექციის შესაქმნელად და მის პრაქტიკაში ასამოქმედებლად.

დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სექტემბერში სპეციალური კამპანია – „გახადე შრომა უსაფრთხო“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ წამოწევს შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, შესაბამის საჭიროებებსა და განსახორციელებელ ცვლილებებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)