ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე

2017 წლის 2 ნოემბერს პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ ფარგლებში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მოადგილემ იოკო აკასაკამ სამუშაო შეხვედრა გამართეს თემაზე – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაცია ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის კუთხით.

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ მოკლედ მიმოიხილა ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობა; აღნიშნა, რომ კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების შემდეგ, განსაკუთრებული მნიშვნელობა პრაქტიკაში მის სწორ იმპლემენტაციას ენიჭება და ახლა უკვე საჭიროა ძალისხმევა წარიმართოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებზე; სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა მეტი ყურადღება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და ინტეგრაციის ცენტრის წარმომადგენლებმა ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის მიმართულებით მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილული იქნა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციისთვის რა აქტივობები ხორციელდება წარმატებით და რა მიმართულებით არის აუცილებელი როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე მხარდამჭერი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის წარმართვა.

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)