ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შეხვედრას დაესწრო

2016 წლის 13-14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისევროპული საკოორდინაციო კომიტეტის და ფინანსური კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს მიღწეული პროგრესი და ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) აქტივობებისა და გავლენების გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში; იმსჯელეს სამუშაო ჯგუფების პოლიტიკის საკითხებზე, ასევე, განიხილეს ENNHRI–ის სტრატეგიული გეგმები.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI) 15 წელია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის ევროპაში. ორგანიზაცია ეხმარება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შექმნას და აკრედიტაციას, კოორდინაციას უწევს ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას მის წევრებს შორის, ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებაზე და ტრენინგებზე, ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებში და ასევე ევროპის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში.

2015 წლის 1 დეკემბერს ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. ასევე ზედიზედ მეორედ, სამი წლის ვადით აირჩიეს ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად, რომელიც ადმინისტრაციულ და მმართველობით საკითხებზეა პასუხისმგებელი; 2016 წლის მარტიდან კი საქართველოს სახალხო დამცველი კომიტეტის საბჭოში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი სამი წლით გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)