ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მთავარი სპეციალისტი ლარა ჯამარაული კოსტა რიკაში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მსოფლიოს ყველა რეგიონიდან. ასევე პარტნიორებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან (OHCHR) და გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP). ღონისძიება კოსტა რიკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ჰელენ ჩაკონმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალეხანდრო სოლანომ გახსნეს.

სამდღიან შეხვედრაზე განსაზღვრეს 2018 წლის საქმიანობის მიმართულებები, შეაფასეს გლობალური ტენდენციები, 2017 წლის მარტში ბიუროს ბოლო შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ორგანიზაციის საქმიანობაში მიღწეული პროგრესი.

შეხვედრის შედეგად, ბიუროს წევრებმა შეიმუშავეს 2018 წლის სტრატეგიის განხორციელების გეგმა, რომელიც მომავალი ერთი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კერძოდ, განისაზღვრა რომ თემატური აქცენტი გაკეთდება შემდეგ მიმართულებებზე: კონფლიქტებსა და პოსტ-კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, დემოკრატიული სივრცის შემცირება და ადამიანის უფლებათა დამცველები, ბიზნესი და ადამიანის უფლებები, გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ხანდაზმულთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ლტოლვილები, მიგრანტები და დევნილები, მდგრადი განვითარების მიზნები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს დემოკრატიული სივრცის შემცირების საგანგაშო ტენდენციები მსოფლიოს ყველა კუთხეში, რეპრესიები, საფრთხეები და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობის ხელის შეშლის სხვა მეთოდები. მთელ რიგ ქვეყნებში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებს ემუქრებიან თავიანთი საქმიანობით ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს რეპრესიების კონკრეტული შემთხვევები და გლობალური ალიანსისა და მისი რეგიონალური ქსელების, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და გაეროს განვითარების პროგრამის როლი საფრთხის ქვეშ მყოფი ინსტიტუტების ხელშეწყობის კუთხით.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GAHNRI) აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს 4 რეგიონიდან: აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიასა და ევროპიდან. ორგანიზაციას თითოეული რეგიონიდან არჩეული „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტებისგან შემდგარი ბიურო მართავს. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად, 2016 წლის 22 მარტიდან, სამი წლის ვადით იქნა ევროპის რეგიონიდან ბიუროში ევროპის რეგიონის წარმომადგენელად არჩეული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)