ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას

2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიაში საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ასევე შედიან საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელები. კომისიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში აყენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის რეალური კონსტიტუციური მექანიზმების შექმნა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ზედმიწევნით აისახოს სოციალური უფლებები და შეიქმნას სოციალური უფლებების განხორციელების ქმედითი საკონსტიტუციო გარანტიები. კერძოდ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს ჩანაწერს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის შესახებ. ათწლეულების გამავლობაში ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევის სიმწვავე ცხადყოფს მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს შექმნის აუცილებლობას.

ასევე საგულისხმოა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში წარდგენილი წინადადება, რომლის მიხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაზეც წლებია თავის ანგარიშებში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის საგანს. მსგავსი მექანიზმის შექმნის კონსტიტუციით უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აღმოფხვრისა და პრევენციის აუცილებელი პირობაა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულების ინტეგრირების წინადადებით გამოდის. ინტერნეტის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ფასდაუდებელია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნა აღიარებული და მნიშვნელოვანია ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებდეს.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვების ინიციატივით მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება უნდა გაცდეს ნორმათა კონტროლის მოდელს და უნდა განახორციელოს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციური კონტროლი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.

საქართველოს სახალხო დამცველი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსტიტუციით განისაზღვროს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო სტაბილურობის გარანტიები. ასევე მოხდეს კონსტიტუციის დონეზე საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეუხებლობის გარანტიების განმტკიცება.

დაბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფონზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრიორიტეტულად განიხილებოდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ინიციატივები.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)