ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

2017 წლის 12 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხები გამოკვეთეს. ისაუბრეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისა და ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე; სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე.

„ყურადღება გავამახვილეთ საპოლიციო სისტემაში რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბოლო დროს გახმაურებულ და პრობლემატურ ცალკეულ ინციდენტებსაც შევეხეთ,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო ეტაპობრივად ახდენს სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა შს მინისტრს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაში დახმარება აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე.

12.01.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)