ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

2016 წლის ივლისში საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევის ფაქტი დაადგინა. მოცემულ საკითხს რამდენიმე დღის წინ საჯარო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო უნივერსიტეტისადმი გაცემულ რეკომენდაციას.

არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას ასრულებდა 2008–2009 წლების განმავლობაში, რის შემდეგაც 3–ჯერ 2009, 2012 და 2016 წლებში იქნა არჩეული რექტორად.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეიზღუდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის სხვა კანდიდატების კანონიერი უფლება, შესაბამისად მან რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

სამინისტრომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რის არგუმენტადაც მიუთითა ის გარემოება, რომ არჩილ ფრანგიშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა ზედიზედ 7 წლის ვადით, ის არ ყოფილა არჩეული ზედიზედ 2 უფლებამოსილების სრული ვადით (8 წელი), შესაბამისად, მისი კანდიდატად რეგისტრაციით არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ კანონთან, არამედ მის მიერ მოხმობილ არგუმენტთანაც, ვინაიდან რექტორი 2016 წელს არჩეულ იქნა 4 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული ვადის დასასრულს 11 წელზე მეტი იქნება დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის ასრულებდა რექტორის მოვალეობებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე–3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ „დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას“ (8 წელს). აღნიშნული მუხლი ზღუდავს ერთდროულად როგორც არჩევის ჯერადობას, ისე ხანგრძლივობას და რომელიმე მათგანის დარღვევა საკმარისია კანონთან წინააღმდეგობის წარმოსაშობად. ხსენებული მუხლის მიზანს წარმოადგენს ერთი პირის მიერ უნივერსიტეტის გაუმართლებლად ხანგრძლივი ვადით მართვის თავიდან აცილება.

ვერ გავიზიარებთ უნივერსიტეტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საკითხების შესწავლა არ შედის სახალხო დამცველის მანდატში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ის არის ადმინისტრაციული ორგანო/საჯარო დაწესებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, როცა ის ზღუდავს სხვათა უფლებებს, ომბუდსმენის უფლებამოსილების ნაწილია. ამავდროულად, კანონმდებლობა სახალხო დამცველს არ უკრძალავს განიხილოს ის განცხადებები/საჩივრები, რომლებთან დაკავშირებითაც იმავდროულად სასამართლო დავა მიმდინარეობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)